ბავშვის განვითარება

I თვე − მუცელზე წოლისას თავს ხანმოკლედ წევს ზემოთ, ხელში ჭერისას ასწორებს თავს და ცოტა ხნით იჭერს, ასევე ცოტა ხნით აკვირდება და აყოლებს თვალს საგნებს, გამოსცემს გარკვეულ ბგერებს;
II თვე − თავს იჭერს, მაგრამ ვერტიკალურ პოზაში უჭირს ხანგრძლივად გაჩერება („აყანყალებს“), თვალს აყოლებს მოძრავ ადამიანს, ღიმილზე ზოგჯერ პასუხობს ღიმილით, გამოსცემს გარკვეულ ხმებს;
III თვე − მყარად უჭირავს თავი მუცელზე წოლისას, თავს და გულმკერდს წევს ზევით, აქტიურად ამოძრავებს ხელებსა და ფეხებს, ხმაზე რეაგირებს, ცნობს ბოთლს ან ძუძუს, ღუღუნებს და იცინის;
IV თვე − გორავს ერთი გვერდიდან მეორეზე, ეჭიდება მის ხელთან ახლოს მყოფ საგნებს, ცდილობს მისწვდეს ახლოს მდებარე საგანს, თვალს აყოლებს მოძრავ საგანს, ხმამაღლა იცინის, ერთობა თამაშით;
VI თვე − ჯდომისას სჭირდება მცირე დახმარება, ბრუნდება ზურგიდან მუცელზე და პირიქით, მუცელზე წოლისას შეუძლია დაეყრდნოს იდაყვში გაშლილ ხელებს, ბუქნაობს, როდესაც გიჭირავთ მდგომარე პოზაში, თამაშობს თავისი თითებით და ორივე ხელი მიაქვს ერთმანეთთან, გადააქვს საგანი ხელიდან ხელში და იდებს პირში, აბრუნებს თავს ხმის მიმართულებით, ღუღუნებს და გამოსცემს სხვადასხვა ბგერას, იწყებს მოქმედებების მიბაძვას, მაგალითად, ტაშის დაკვრას;
IX თვე − ზის დამოუკიდებლად და იცვლის პოზას გადავარდნის გარეშე, დახოხავს ხელებსა და მუხლებზე, შლის კუბებისგან აგებულ კონსტრუქციას, უჭირავს თავისი ბოთლი, თამაშობს ერთდროულად ორი საგნით, ამბობს შემდეგ სიტყვებს −დადა, მამა, ბაბა;
XII თვე − დამოუკიდებლად ცდილობს დადგომას, შეიძლება ნაბიჯებიც გადადგას საყრდენის დახმარებით, იღებს საგანს ორი თითით, ერთმანეთზე ალაგებს ორ კუბს, თხოვნისას გაძლევთ სათამაშოს, გამოხატავს სიყვარულს, ასრულებს ჟესტიკულაციით თანხლებულ მარტივ მითითებას, რაიმეს დამალვისა და შემდეგ გამოჩენის შემთხვევაში გიყურებთ იმ იმედით, რომ ისევ გაეთამაშებით, ამბობს ერთ სიტყვას მაინც;
XV თვე − დადის დაუხმარებლად, ერთმანეთზე ალაგებს სამ კუბს, ბგერების წარმოთქმისას იცვლის ინტონაციას,თითქოს საუბრობს, იცის ოთხი-ხუთი სიტყვა, ცდილობს ჭამოს დამოუკიდებლად;
XVIII თვე − დადის, ცდილობს სირბილსაც, შეუძლია ავიდეს და ჩამოვიდეს კიბის ერთ საფეხურზე, მიაგორებს სათამაშოებს, ფანქრით ჯღაბნის ფურცელზე, ამბობს ხუთიდან ათ სიტყვამდე, სულ მცირე, ორ სიტყვას მაინც, უყვარს, როდესაც უკითხავენ რაიმეს, შეუძლია თავისით ჭამა, ჭიქიდან დალევა, იხდის ფეხსაცმელს დახმარების გარეშე;
II წელი −ფეხს ურტყამს დიდ ბურთს, დარბის და არ ვარდება, ცნობს ნაცნობ სურათს − ამობრუნებულსაც კი, დასახელების შემდეგ სწორად მიანიშნებს სხეულის სულ  ცოტა ერთ-ერთ ნაწილს მაინც, ინტერესდება ილუსტრირებული წიგნის სურათებით, ცდილობს გადაფურცვლას, იმეორებს სხვის ნათქვამ სიტყვას, იყენებს ორ ან სამ სიტყვას ერთად, მაგალითად, „კიდე მომე“, ითხოვს საგანს დასახელებით, შეუძლია ისეთი ტანსაცმლის გახდა,როგორებიცაა,პიჟამო და შარვალი, ბაძავს უფროსებს საშინაო საქმეში;
III წელი − ადის კიბეზე, ატარებს სამთვლიან ველოსიპედს, შეუძლია ისროლოს ბურთი თავს ზემოთ თქვენკენ, შეუძლია უპასუხოს მარტივ შეკითხვას, პასუხობს შეკითხვაზე: “შენ გოგო ხარ თუ ბიჭი?“, შეუძლია დაასახელოს სულ ცოტა ერთი სურათი, როცა ათვალიერებს ცხოველებიან წიგნს, იცის ერთი ფერი მაინც, ამბობს 3-4- სიტყვიან წინადადებებს, წახალისების შემთხვევაში თამაშობს სხვა ბავშვებთან, ამბობს,როცა ტუალეტში უნდა, გეხმარებათ დალაგებაში.
IV წელი − ხტუნავს ადგილზე, შეუძლია წაიყვანოს ველოდიპედი წინ 3 მეტრ მანძილზე, ისვრის ბურთს თავს ზევით, დაიჭერს მას, იხატავს წრეს, ცნობს 6 ძირითად ფერს, იცის თავისი გვარი, სქესი, ასაკი, შეუძლია აღწეროს,რა მოქმედება სრულდება სურათზე, იყენებს გრამატიკულად გამართულ წინადადებებს, მაგალითად, „შეიძლება წავიდე ეზოში?“, დამოუკიდებლად იბანს ხელებს, იწყებს სხვა ბავშვებთან წარმოსახვით თამაშებს, იცავს რიგს, წესებს, თამაშობს თოჯინებთან, ცხოველებთან ან თუნდაც გამოგონილ მეგობართან;
V წელი − შეუძლია სიარული უკან სვლით, ჩადის კიბეზე ფეხების მონაცვლეობით, დარბის თითის წვერებზე, შეუძლია შეიკრას ან თოჯინას შეუკრას ტანსაცმელი (ღილიანი, ელვაშესაკრავი), ცნობს თავის სახელს დაწერილს, იცის რამდენიმე ასოს დაწერა, შეუძლია დათვალოს სულ ცოტა სამი საგანი, იცის სულ ცოტა სამი ფერი, შეუძლია სწორად ამოიცნოს ფულის მონეტა, ერთვება ჯგუფურ თამაშში, კარგად რეაგირებს,როცა მას ტოვებთ მეგობართან ან თავის დასთან / ძმასთან, მისალმებაზე პასუხობს ადეკვატურად;
VI წელი − შეუძლია ერთდროულად ორი ფეხით ახტომა, შეუძლია მტევნით დაიჭიროს ნასროლი პატარა ბურთი (ტენისის ბურთის ზომის), შეუძლია შეიკრას ფეხსაცმლის ზონარი, შეუძლია გადაიხატოს წრე, სწორად იცის თავისი ასაკი, გაიმეორებს სულ ცოტა ოთხ რიცხვს სწორი თანამიმდევრობით, შეუძლია დამოუკიდებლად ჩაიცვას ყველაფერი.